Loading data...
ჯეი დი ვენსი: ირანი აშშ-თან შეთანხმების ფარგლებში ბირთვულ ინსპექტორებს ქვეყანაში დაბრუნების უფლებას მისცემს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში საერთაშორისო ბირთვულ ინსპექტორებს ქვეყანაში დაბრუნების უფლებას მისცემს.

რეპორტიორების კითხვას, დაბრუნდებიან თუ არა ინსპექტორები ირანში, ვენსმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა“.

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA), შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის თანამშრომლობა თეირანში მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების განადგურების მიზნით.

მან აღნიშნა, რომ ეს „ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი“ ურთიერთგაგების მემორანდუმში.

ამასთან, ვენსის თქმით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმების ტექსტი ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გამოქვეყნდება. მან დასძინა, რომ ზოგიერთი ტექნიკური დეტალი ჯერ კიდევ შესათანხმებელია, ძირითადად, შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით და არა თავად შეთანხმების ფორმულირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბირთვული შემოწმების დაწყების თარიღზე მხარეები შესაძლოა, 19 ივნისს, მემორანდუმის გაფორმების დღეს შეთანხმდნენ. 

გარდა ამისა, ვენსმა აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მიღწეული „ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი“ ისაა, რომ ირანის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობაში ცვლილებების ნიშნებია. მისი თქმით, გავლენიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსშიც კი იყვნენ ისეთები, ვინც აღიარებდნენ, რომ ირანის მიდგომა აშშ-ის მიმართ ბოლო 47 წლის განმავლობაში არასწორი იყო და ახალი მიდგომაა საჭირო.