ჯეი დი ვენსი: ე.წ. შათდაუნი „მადლიერების დღემდე“ თუ გაგრძელდება, ეს შესაძლოა, ავიაინდუსტრიისთვის კატასტროფა იყოს
 
        „ე.წ. შათდაუნი „მადლიერების დღემდე“ თუ გაგრძელდება, ეს შესაძლოა, ავიაინდუსტრიისთვის კატასტროფა იყოს“, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
„ეს შეიძლება კატასტროფა იყოს. მართლაც შეიძლება, იყოს, რადგან ამ ეტაპზე ადამიანები სამ ხელფასს გამოტოვებენ, ოთხ ხელფასს გამოტოვებენ. რამდენი მათგანი არ გამოცხადდება სამსახურში? ამ ადამიანების ნახევარი სამსახურში არ გამოცხადდება, არა იმიტომ, რომ ისინი არ არიან შრომისმოყვარეები ან კარგი ადამიანები, არამედ იმიტომ, რომ მათ სხვა სამსახურის პოვნა მოუწევთ ოჯახების გამოსაკვებად. რა მოხდება, როდესაც უსაფრთხოების შემოწმებისთვის რიგები იქნება, რა მოხდება, როდესაც ხალხს ოთხი საათი მოუწევს რიგში დგომა, როდესაც პილოტები სამსახურში არ გამოცხადდებიან? ეს გამოიწვევს უზარმაზარ შეფერხებებს.
ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა მადლიერების დღეს სახლში დაბრუნება შეძლოს. ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა საქმიანი ვიზიტებით იმოგზაუროს. გვინდა, რომ ავიაციის ინდუსტრია ამოქმედდეს. ის ვერ იმუშავებს, თუ დემოკრატები მთავრობას ხელახლა არ გახსნიან. თუ ასე გაგრძელდა, შეფერხებები მიაღწევს იმ წერტილს, სადაც ამერიკელი ხალხისთვის ფრენა ძალიან, ძალიან გართულდება“, - განაცხადა ვენსმა.
მისივე თქმით, ბევრი ამერიკელი დაიღალა პარტიული დაპირისპირებით.
„ბევრ ამერიკელს ვაშინგტონში პარტიული დაპირისპირება ყელში ამოუვიდა. დამიჯერეთ, ცხრა თვეა, ამ თანამდებობაზე ვარ და მეც დავიღალე პარტიული დაპირისპირებით ვაშინგტონში, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან მარტივია. ყველა პოლიტიკური უთანხმოებაზე შეგვიძლია, ვისაუბროთ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, შეგვიძლია არ შევთანხმდეთ, შეგვიძლია ხელი ჩამოვართვათ და კომპრომისზე წავიდეთ ზოგიერთ საკითხზე, იმედია. მაგრამ ეს არის ის, რაზეც ყველა ამერიკელი, დემოკრატი თუ რესპუბლიკელი უნდა შეთანხმდეს. გახსენით მთავრობა, შეაჩერეთ ეს სიგიჟე და გახსენით მთავრობა. ეს ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს“, - განაცხადა ვენსმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი პირველი ოქტომბრიდან გამოცხადდა, რაც დაფინანსების შეწყვეტის გამო, ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.
 
            