ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს და უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, თუ პუტინი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის

აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს და თავის ჯარებს უკრაინაში გაგზავნის, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებაზე უარს იტყვის. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ ვენსმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს ზომები შესაძლოა, საჭირო გახდეს იმისთვის, რომ პუტინს უკრაინასთან შეთანხმების დადებისკენ უბიძგონ.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას „სუვერენული დამოუკიდებლობა“ უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვენსის თქმით, შეერთებული შტატები მოსკოვს სანქციებს დაუწესებს და შესაძლოა, სამხედრო მოქმედებებიც დაიწყოს, თუ პუტინი არ დათანხმდება უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც კიევის გრძელვადიან დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
ვენსმა თქვა, რომ უკრაინაში აშშ-ის ჯარების გაგზავნის ვარიანტი, თუ მოსკოვი მოლაპარაკებას კეთილსინდისიერად ვერ განახორციელებს, „მაგიდაზე“ რჩება. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, პოლიტიკოსმა ეს განცხადება გაცილებით მკაცრი ტონით გააკეთა, ვიდრე თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა, რომელმაც წინა დღით განაცხადა, რომ აშშ უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის.