Loading data...
ჯეი დი ვენსი: აშშ თუ არ იქნება დაინტერესებული გრენლანდიით, სხვა ერები დაინტერესდებიან

აშშ თუ არ იქნება დაინტერესებული გრენლანდიით, სხვა ერები დაინტერესდებიან, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ ვენსმა გრენლანდიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები ინტერესდებიან არქტიკული გასასვლელებით და საზღვაო არხებით და ამერიკის კონკურენტები ასევე იძიებენ წიაღისეულის მოპოვების უფლებებს რეგიონში.

მან გააკრიტიკა დანია და აღნიშნა, რომ პიტუფიკის კოსმოსური ბაზის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებული, „ნაკლებად უსაფრთხოა“, ვიდრე 30-40 წლის წინ იყო.

„აშშ პატივს სცემს დანიელი ჯარისკაცების მსხვერპლს, რომლებიც იბრძოდნენ აშშ-თან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ომში 20 წლის წინ, მაგრამ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პარტნიორობა წარსულიდან არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია მკაცრი საუბარი პარტნიორებთან აწმყოში.

ჩვენი გზავნილი დანიისთვის მარტივია, თქვენ არ გაგიკეთებიათ კარგი სამუშაო გრენლანდიის ხალხისთვის. სწორედ ამიტომ არის ტრამპის პოლიტიკა ისეთი, როგორიც არის. დანიამ არასაკმარისი ინვესტიცია განახორციელა გრენლანდიის უსაფრთხოების არქიტექტურაში. რუსეთსა და ჩინეთს აქვთ გაზრდილი მიმოსვლა ამ მხარეში და ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ.

ჩვენ არ შეგვიძლია, ჩავყოთ თავი ქვიშაში ან, ამ შემთხვევაში, თოვლში და ვთქვათ, რომ ჩინელებს არ აინტერესებთ ეს მიწა. ჩვენ ვიცით, რომ ჩინელები ძალიან, ძალიან დაინტერესებულნი არიან ამ კუნძულით. ჩინეთი ცდილობდა, ეკონომიკური ზეწოლა მოეხდინა გრენლანდიაზე. ჩვენ ვნახეთ ძალიან ძლიერი მტკიცებულება, რომ ჩინეთი და რუსეთი დაინტერესებულნი არიან ამ სივრცით“, - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.