Loading data...
ჯეი დი ვენსი: აშშ ირანთან მოლაპარაკებებს მანამ არ განაახლებს, სანამ სავაჭრო გემებზე თავდასხმები არ შეწყდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ვაშინგტონი თეირანთან დიალოგს არ აწარმოებს და მოლაპარაკებების მაგიდას არც მანამ დაუბრუნდება, სანამ ირანული მხარე სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.

„რაც შეეხება მოლაპარაკებებს, პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია სრულიად მკაფიოა - ჩვენ მათ არ ვესაუბრებით. დიალოგი არ განახლდება მანამ, სანამ ისინი სავაჭრო ხომალდებზე იერიშებს არ შეწყვეტენ“, - განაცხადა ვენსმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

დამატებით კითხვაზე, თუ როდის შეიძლება შეწყდეს ეს თავდასხმები, ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზუსტი პასუხი არ აქვს.

ამასთან, ვენსმა ხაზი გაუსვა აშშ-ის როლს გლობალურ ენერგოუსაფრთხოებაში და აღნიშნა, რომ გასულ ღამეს ჰორმუზის სრუტე 15-მა მილიონმა ბარელმა ნავთობმა სწორედ ამერიკული მხარის ძალისხმევით გაიარა.

„ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, ამას ვერავინ შეძლებდა, რაც მსოფლიოში კატასტროფულ ენერგეტიკულ კრიზისს გამოიწვევდა“, - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.