Loading data...
ჯეი დი ვენსი: ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ისრაელის ინტერესებს არ უნდა დაექვემდებაროს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი აცხადებს, რომ ვაშინგტონს არ შეუძლია დაუშვას, რომ მისი „ახლო აღმოსავლეთის საგარეო პოლიტიკა ისრაელის სახელმწიფოს ემორჩილებოდეს“.

ვენსის თქმით, ისრაელი აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხედრო ტექნოლოგიებისა და დაზვერვის სფეროში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი ყოველთვის უნდა ეთანხმებოდეს ისრაელის მთავრობას.

მისივე განცხადებით, დონალდ ტრამპი ბოლო 40 წლის განმავლობაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც ყველაზე მეტად გამოავლინა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

„ამ ურთიერთობის, ისევე როგორც ყველა ურთიერთობის, ამერიკის ინტერესებზე დაფუძნება არის გზა, რომ ამ საკითხზე რაციონალური საუბარი გვქონდეს“, - განაცხადა ვენსმა.

მან აღნიშნა, რომ იგივე პრინციპი ნატოსთან ურთიერთობებზეც ვრცელდება - აშშ ითანამშრომლებს პარტნიორებთან იქ, სადაც ინტერესები ემთხვევა, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში საკუთარ ინტერესებს დაიცავს.

„ნატოში ბევრი მნიშვნელოვანი ურთიერთობა, ბევრი მნიშვნელოვანი პარტნიორობა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ევროპული საგარეო პოლიტიკა მთლიანად ნატოს უნდა დავუქვემდებაროთ. ჩვენ ვითანამშრომლებთ ადამიანებთან, როცა თანამშრომლობა შეგვიძლია, არ დავეთანხმებით, როცა არ ვეთანხმებით და ამერიკის ინტერესებს გავყვებით. ეს არის რაციონალური საგარეო პოლიტიკის ერთადერთი გზა“, - დასძინა ვენსმა.