Loading data...
ჯარედ კუშნერი: რუსეთთან, უკრაინასა და ევროპასთან კოორდინაციით, ომის დასასრულებლად პროგრესს ვაღწევთ

„უკრაინაში ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მუშაობა გრძელდება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი აცხადებს.

მისი თქმით, სტივ უიტკოფთან ერთად, ჯერ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, იური უშაკოვს ესაუბრა, შემდეგ კი სატელეფონო კონსულტაცია უკრაინისა და ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით გამართა. მხარეებმა მომდევნო მრავალმხრივი შეხვედრის დღის წესრიგზეც დაიწყეს მუშაობა, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

„ჩვენ ვალდებული ვართ, დავასრულოთ ომი უკრაინაში და ის უდიდესი ადამიანური ტანჯვა, რომელიც ამ ომმა გამოიწვია. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი, მიაღწიოს ხანგრძლივ მშვიდობას, ჩვენ კი სრულად ვართ ერთგული, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ამ მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს.

დღეს დილით, პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ერთად, იური უშაკოვს ვესაუბრეთ. განვიხილეთ მიღწეული პროგრესი და სამშვიდობო პროცესის შემდგომი ნაბიჯები. ასევე გაიმართა ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი უკრაინისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით, ჩართულნი იყვნენ გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და იტალიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლები. ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის ხელშეწყობა, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ძირითადად, არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ უშუალოდ მოისმინოს ერთმანეთის შეშფოთება და წინადადებები, რადგან ევროპის უფრო სტაბილური და უსაფრთხო მომავლისკენ მივისწრაფვით“, – წერს კუშნერი.

კუშნერის განცხადებით, სამშვიდობო ხედვა უკრაინის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური აღდგენის სამ ძირითად მიმართულებას ეფუძნება.

„ჩვენი დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ფუნდამენტური კითხვა იყო: როგორ დავასრულოთ ეს საშინელი ომი და შევქმნათ ომის შემდგომი უსაფრთხოების ისეთი მექანიზმები, რომლებიც მომავალში ახალი ომების ალბათობას შეამცირებს? ნატო ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენად დარჩება. ჩვენი მიზანია, დავეყრდნოთ ევროპაში უკვე არსებულ ინსტიტუტებსა და შეთანხმებებს და გავაძლიეროთ უსაფრთხოების ვალდებულებები, კომუნიკაცია, გამჭვირვალობა და ესკალაციის განმუხტვის მექანიზმები, რათა მიღწეული მშვიდობა ხანგრძლივი იყოს.

როდესაც მე და სტივმა ერთი წლის წინ ეს სამუშაო დავიწყეთ, წარმატებულ შედეგად განვსაზღვრეთ სუვერენული, უსაფრთხო და ეკონომიკურად აყვავებული უკრაინა, რომელსაც საკუთარი მომავლის განსაზღვრის თავისუფლება ექნებოდა. გასული წლის განმავლობაში, უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ამ ხედვის განხორციელების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ.

ეს პროგრესი სამ ძირითად მიმართულებას ეფუძნება: ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც უკრაინას მომავალში შესაძლო აგრესიისგან დაიცავს; ევროკავშირში გაწევრიანების გზა, რომელიც უკრაინის გრძელვადიან მომავალს ევროპას დაუკავშირებს და ომის შემდგომი კეთილდღეობის ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა მხარეებთან თანამშრომლობით შემუშავდა. ის მიზნად ისახავს უკრაინის ფინანსური სტაბილურობის, აღდგენის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. ამ ელემენტების ერთობლიობას შეუძლია, უკრაინას მისცეს ძალა, უსაფრთხოება, თავისუფლება და თავდაჯერებულობა, რათა რუსეთთან მოლაპარაკებებში დარჩენილი რთული საკითხები განიხილოს და საკუთარი ხალხისთვის უკეთესი მომავალი შექმნას“, - განაცხადა კუშნერმა.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საბოლოო შეთანხმებას როგორც რუსეთი, ისე უკრაინა უნდა დაეთანხმონ, დახურულ მოლაპარაკებებზე კი პოზიტიური წინადადებები უკვე ჩნდება.

„მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ არსებობს და საბოლოო შეთანხმების მიღწევა რთული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. თუმცა, რუსეთთან, უკრაინასა და ევროპასთან მჭიდრო კოორდინაციით, პროგრესს ვაღწევთ ისეთი შედეგის მისაღწევად, რომელიც ამ ომს დაასრულებს, ევროპის უსაფრთხოებას გააძლიერებს და ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნის“, – წერს კუშნერი.