Loading data...
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ამ დროისთვის „ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ „სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს“ და ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს.

„ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ ჩვენ ვხედავთ უფრო დიდი აფეთქების დასაწყისს. მაგრამ, რა თქმა უნდა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს და ვირუსის გრძელი ინკუბაციური პერიოდის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ მომდევნო კვირებში მეტი შემთხვევა ვნახოთ“, – განაცხადა გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად ჯამში ცხრა დადასტურებული შემთხვევაა, ორი კი საეჭვოა. როგორც მედია წერს, ინფიცირებულია საფრანგეთის ერთი მოქალაქე, რომელიც საკრუიზო გემზე იმყოფებოდა. ის პარიზის საავადმყოფოში, რეანიმაციაში იმყოფება. ექიმების თქმით, მას დაავადების „ყველაზე მძიმე ფორმა“ აქვს.

„ჰანტავირუსი“ ასევე დაუდასტურდა მადრიდში კარანტინში მყოფ 14 ესპანელთაგან ერთ-ერთს. მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

ნიდერლანდების ერთ-ერთი საავადმყოფოს თორმეტი თანამშრომელი ამჟამად კარანტინშია, მას შემდეგ, რაც მათ საკრუიზო გემიდან ევაკუირებულ ერთ-ერთ მგზავრს უმკურნალეს. საავადმყოფომ განაცხადა, რომ ექიმები კარანტინში სიფრთხილის ზომების დაცვის მიზნით იმყოფებიან, რადგან პაციენტის სისხლისა და შარდის ნიმუშების დამუშავებისას მკაცრ პროტოკოლებს არ იცავდნენ.

გემზე მგზავრობის შემდეგ სამი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან ორს ვირუსი დაუდასტურდა.

„ჰანტავირუსი“ იშვიათი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ინფიცირებული მღრღნელების შარდთან, განავალთან, ან ნერწყვთან კონტაქტითაა გამოწვეული, თუმცა პირველად დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე შესაძლო გადაცემა. სიმპტომებს შორისაა სიცხე, ძლიერი დაღლილობა, კუნთების ტკივილი, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა და სუნთქვის გაძნელება.

თავდაპირველად გემზე 28 ქვეყნის დაახლოებით 150 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. საკრუიზო გემი ჯერ კიდევ ზღვაშია და 17 მაისს მიაღწევს ნიდერლანდებს.