Loading data...
ჯაკარტას საშუალო სკოლაში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა - BBC

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, საშუალო სკოლის კომპლექსში მდებარე მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ქალაქის პოლიციის უფროსმა ასეპ ედი სუჰერიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საავადმყოფოში 54 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ზოგს მსუბუქი, ზოგს კი მძიმე დაზიანებები და დამწვრობები აღენიშნება.

ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ეჭვმიტანილი 17 წლის სტუდენტია, რომელიც აფეთქების დროს დაშავდა და ამჟამად ოპერაცია უტარდება. 

ჯაკარტას მეტროპოლიტენის პოლიცია აგრძელებს ეჭვმიტანილის წარსულის და ინციდენტის შესაძლო მოტივის გამოძიებას. პოლიციის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ორი ნივთი აღმოაჩინეს.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:15 საათზე ჩრდილოეთ ჯაკარტას ერთ-ერთ რაიონში, კელაპა გადინგში მოხდა. შემთხვევის ადგილზე ბომბების გაუვნებელყოფის ჯგუფი იმყოფება. ისინი მტკიცებულებებს აგროვებენ და ამოწმებენ, სკოლის კომპლექსში სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები არის თუ არა დამონტაჟებული.