ივეტ კუპერი: დიდი ბრიტანეთი ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე იმუშავებს
დიდი ბრიტანეთი ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე იმუშავებს, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ამ ნაბიჯს „ირანში ბოლო მინიმუმ ცამეტი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი პროტესტის ყველაზე სასტიკი და სისხლიანი რეპრესიების“ საპასუხოდ გადადგამს.
„გაერთიანებული სამეფო უმკაცრესად გმობს ირანელი მომიტინგეების საშინელ და სასტიკ მკვლელობას და მოვითხოვთ, რომ ირანის ხელისუფლებამ პატივი სცეს თავისი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს“, - განაცხადა კუპერმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრმა ირანის ელჩი დაიბარა, რათა „ხაზი გაუსვას ამ მომენტის სიმძიმეს და მოუწოდოს ირანს, პასუხი აგოს იმ საშინელი ცნობებისთვის, რომლებსაც ვისმენთ“.
კუპერმა აღნიშნა, რომ ლონდონი ასევე „წარადგენს კანონმდებლობას ირანის წინააღმდეგ სრული და შემდგომი სანქციებისა და სექტორული ზომების განსახორციელებლად“. მისივე თქმით, ეს ზომები მიმართული იქნება თეირანის ფინანსების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და პროგრამული უზრუნველყოფის სექტორების, ასევე სხვა სექტორების წინააღმდეგ, „რომლებიც ხელს უწყობენ ირანის ბირთვული ესკალაციის განვითარებას“.