იულია ტიმოშენკოს გირაოს სახით 33 მილიონი გრივნის გადახდა დააკისრეს
უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერს იულია ტიმოშენკოს სასამართლომ 33 მილიონი გრივნას ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გირაოს სახით 50 მილიონი გრივნა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ თანხა 33 მილიონ გრივნამდე შეამცირა.
მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ტიმოშენკოს აგრეთვე აეკრძალა გამომძიებლის ნებართვის გარეშე კიევის ოლქის დატოვება. მან სასამართლოს პასპორტი უნდა ჩააბაროს.
ფრაქცია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა განაცხადა, რომ აპირებს სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას.
14 იანვარს ტიმოშენკოს ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭეს. ამის შესახებ სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის პრესმდივანმა ოლგა პისტოლიუკმა განაცხადა.
ასევე 14 იანვარს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა „ბატკივშინას“ ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს.
ტიმოშენკოს თქმით, ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ სამართალდამცველებმა ვერაფერი იპოვეს, მათ სამუშაო მობილური ტელეფონები, საპარლამენტო დოკუმენტები და პირადი დანაზოგები წაიღეს. ტიმოშენკო ჩხრეკას პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს.
13 იანვარს უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ უმაღლეს რადაში რამდენიმე ფრაქციის წევრი კონკრეტული კანონპროექტების კენჭისყრის დროს მართლსაწინააღმდეგო გზით სარგებელს იღებდა.
სოციალურ ქსელებში მაშინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ საუბარია იულია ტიმოშენკოზე და მის პოლიტიკურ მოძრაობაზე.