იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი იულია ტიმოშენკო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
ტიმოშენკოს თქმით, აპირებს თანმიმდევრულად დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა უკრაინისა და საერთაშორისო სასამართლოებში.
ტიმოშენკოს თქმით, სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები იურიდიულ საფუძველს მოკლებული იყო და ოპოზიციაზე ზეწოლის მცდელობას წარმოადგენდა.
„არ არსებობს არანაირი საქმე, არანაირი კანონის დარღვევა. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა ჩემზე, როგორც ოპოზიციური ფრაქციის ლიდერზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ პოლიტიკურ თავდასხმას გავუმკლავდებით“, - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
მისი თქმით, გამოძიების მასალები არ შეიცავს რაიმე დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებებს.
„გამოძიებამაც, პროკურორებმაც და სასამართლომაც მკაფიოდ დაადასტურეს, რომ მე არავისთვის გადამიცია ფული და არც ჩემთვის გადმოუციათ თანხა. დარწმუნებული ვარ, როგორც უკრაინულ, ისე საერთაშორისო სასამართლოებში სრულად დავამტკიცებ ჩემს აბსოლუტურად პატიოსან პოზიციას“, – აცხადებს ტიმოშენკო.
ამასთან, როგორც ტიმოშენკომ აღნიშნა, პროცესს ყურადღებით აკვირდებიან გავლენიანი საერთაშორისო სტრუქტურები, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტის ორგანოები და გერმანული უფლებადამცველი ორგანიზაციები.
ამ ეტაპზე „ბატკივშჩინის“ ლიდერის გუნდი უკვე ამზადებს სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
„ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამჟამად აკვირდება ამ სიტუაციას, შოკირებულია“, - აცხადებს ტიმოშენკო.
ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს 33 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. იქამდე კი, ანტიკორუფციულმა უწყებებმა იულია ტიმოშენკოს ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც ცნობილია, ჩხრეკა უკავშირდებოდა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ტიმოშენკო უმაღლეს რადაში სხვა ფრაქციის წევრ დეპუტატებს, კონკრეტული კანონპროექტების სასარგებლოდ ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, ქრთამს სთავაზობდა და მათ მოსყიდვას ცდილობდა.