Loading data...
იტალიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ვერ შეძლებს

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროსეტომ განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს შანსი დაიბრუნოს ყირიმი და ტერიტორიები, რომლებიც 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს დაკარგა.

„2014 წელს და 2022 წლის თებერვლის შემდეგ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ახლა ყველა შეუძლებლად მიიჩნევს. 

რუსეთი მათ არასდროს დათმობს და უკრაინას არ ექნება ძალა, რომ ეს ტერიტორიები დამოუკიდებლად დაიბრუნოს - თუნდაც ჩვენი დახმარებით. პუტინსაც არ შეუძლია უკან დახევა, რადგან მან შეცვალა კონსტიტუცია, ოკუპირებული ტერიტორიები ყველა გაგებით „რუსულად“ გამოაცხადა და ამით თავი ისეთ სიტუაციაში ჩაიგდო, სადაც მოლაპარაკებას ვერ შეძლებს“, - აცხადებს იტალიის თავდაცვის მინისტრი.

კროსეტო აღნიშნავს, რომ ბევრი იტალიელი რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ მოექცა.

„რუსეთი უკვე აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდულ, კოგნიტიურ ომს. ჩვენ, როგორც რიგითი მოქალაქეები, ვერც კი ვამჩნევთ, თუ როგორ აღწევს მისი პროპაგანდა ჩვენს აზრებსა და კულტურულ აღქმებში“, - დასძინა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.