იტალიის სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორი: „პუტინის, ხამენეის და ასადის გასანადგურებლად ერთი რაკეტაც საკმარისია“

იტალიური სახელმწიფო ტელეკომპანიის, RAI-ს დირექტორმა მარკო ფრიტელამ Х-ში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც საუბარი იყო, რომ მოსკოვში თითქოს ერთდროულად იმყოფებიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ასადი და ირანის უმაღლესი ლიდერი ალი ხამენეი, კომენტარი დაურთო, სადაც ეწერა, რომ აღნიშნული პოლიტიკოსების გასანადგურებლად ერთი რაკეტაც საკმარისი იქნებოდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა ეს კომენტარი წაშალა. ინფორმაციას gazeta.ru აქვეყნებს.
იტალიელი ჟურნალისტის ამ პოსტს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი ტელეკომპანია RAI-სგან ოფიციალურ ბოდიშს ელოდება.
„პირველი სურვილი, რაც გამიჩნდა, გადავწყვიტე გადამემოწმებინა, რომ, შესაძლოა, ეს შეცდომა იყო ან შეიძლება ექაუნთი გაუტეხეს, მაგრამ არა, ეს სიმართლე აღმოჩნდა. რამდენიმე საათის შემდეგ ეს პოსტი წაშალეს, რადგანაც იქ დაიწყო სერიოზული კრიტიკა და ამ საშინელ ლოგიკასთან ბრძოლა. მათ ალბათ ან შერცხვათ, ან შეეშინდათ და ეს პოსტი წაშალეს. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ინციდენტი ამოწურულია, რადგანაც ის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ეს არის ექსტრემისტული, ან ტერორისტული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებები, ტერორიზმის ან ექსტრემიზმის საჯარო გამართლება. ის, რომ ეს ექსტრემისტული გამონათქვამები იტალიის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის, RAI-ს წარმომადგენელმა დაუშვა, მიუთითებს იმაზე, რომ იტალიაში სიტყვის თავისუფლებამ საშიშ სტადიას მიაღწია, და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ზოგიერთმა წარმომადგენელმა, ასევე ისტებლიშმენტის წარმომადგენლებმა რეალობასთან კავშირი დაკარგეს. მათ დაკარგეს საკუთარი ქმედებებისა და სიტყვების შედეგების შეფასების უნარი და მისი გაანალიზება არ შეუძლიათ. ისინი პატივს არ სცემენ კანონს. შეგიძლია ვინმე გიყვარდეს ან არ გიყვარდეს, გქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ჩვენ ყველას გვიყვარს ფილმი „კანონი არის კანონი“. ეს არ არის უბრალოდ ფილმში ნათქვამი ფრაზა, ეს არის ცხოვრებისეული ფრაზა. ამიტომ ჩვენ, როგორც მინიმუმ, ტელერადიოკომპანია RAI-სგან ოფიციალურ ბოდიშს ველოდებით, როგორც გითხარით, მე თავიდან ეს არ დავიჯერე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ციტატა სწორია“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, იტალიის ოფიციალური პირებიც უნდა გამოვიდნენ და თქვან რომ ეს, ასეთი აღვირახსნილობა, არ არის ნორმა იტალიისთვის. ზახაროვა არ გამორიცხავს, რომ იტალიაში სწორედ ოფიციალური სახელმწიფო ჩინოვნიკები და ოფიციალური პირები ხელს უწყობენ „მსგავსი უპასუხისმგებლო ტონის დამკვიდრებას“.