იტალიის პრემიერ-მინისტრი: რუსეთი უფრო თავდასხმების გაძლიერებით არის დაინტერესებული, ვიდრე მოლაპარაკებებით

იტალიის მთავრობის მეთაურის ჯორჯია მელონის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების გზების მოსაძებნად მზადყოფნის ნაკლებობას აჩვენებს. ამის შესახებ მელონის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც იტალიის მთავრობა აქვეყნებს.
„როგორც ჩანს, რუსეთი უფრო მეტად დაინტერესებულია უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების სისასტიკის გაზრდით, ვიდრე საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ მოლაპარაკებებით“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 7 სექტემბრის ღამეს უკრაინის ქალაქებზე მასობრივი იერიშების დროს რეკორდული რაოდენობის რაკეტები და დრონები გამოიყენა.
მელონიმ დასძინა, რომ იტალია დასავლელ პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სამართლიანმა და მდგრადმა მშვიდობამ აგრესიაზე გაიმარჯვოს.