Loading data...
იტალიის მთავრობა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობას შეზღუდავს და სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარებას აკრძალავს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მთავრობა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობას შეზღუდავს და სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარებას აკრძალავს.

მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტის წარდგენა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე უახლოეს მომავალში იგეგმება. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს იტალიური ენის სავალდებულო შესწავლას იმ უცხოელი სტუდენტების მშობლებისთვის, რომლებსაც იტალიურ სასკოლო სისტემაში ინტეგრაციისას სერიოზული სირთულეები ექმნებათ.

უახლოეს მომავალში მინისტრთა კაბინეტის სხდომას წარედგინება კანონპროექტი, რომელიც კანონით განსაზღვრავს უცხოელი მოსწავლეების მაქსიმალურ რაოდენობას თითოეულ კლასში. აღნიშნული ზომა ასევე ავალდებულებს იმ უცხოელი მოსწავლეების მშობლებს, რომლებსაც სასკოლო სისტემაში ინტეგრაციის კუთხით სერიოზული სირთულეები აქვთ, შეისწავლონ იტალიური ენა და კრძალავს სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარებას“, - განაცხადა მან.

მელონიმ კლასში უცხოელი მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა არ დააკონკრეტა.

მან აღნიშნული ინიციატივის აუცილებლობა განმარტა იმ ბავშვების ეფექტური ინტეგრაციის უზრუნველყოფით, რომლებიც იტალიურ ენას არ ფლობენ. მისი თქმით, როდესაც ასეთი მოსწავლეები ცოტანი არიან, მათ შეუძლიათ ენა სწრაფად აითვისონ თანაკლასელებისა და მასწავლებლების დახმარებით. ამავდროულად, მისი აზრით, იტალიური ენის არმცოდნე ბავშვების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ შესაძლოა, საგანმანათლებლო პროცესსა და ინტეგრაციას ხელი შეუშალოს.

ISMU-ს ფონდის მონაცემებით, იტალიის მოქალაქეობის არმქონე მოსწავლეები იტალიაში სკოლის მოსწავლეების საერთო რაოდენობის 11.6%-ს შეადგენენ.

მელონიმ ასევე ისაუბრა სკოლებში ისეთი სამოსის ტარების აკრძალვის აუცილებლობაზე, რომელიც სახეს სრულად ფარავს, კერძოდ – ბურკისა და ნიქაბის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტალიურ სკოლებში მოსწავლეები დაუფარავი სახით უნდა დადიოდნენ. 

„სკოლაში სახის დაუფარავად უნდა იაროთ, იტალიაში კი არავის შეუძლია, რეალური, თუ სავარაუდო ტრადიციის სახელით გადაწყვიტოს, რომ ახალგაზრდა ქალმა თავი უნდა დამალოს“, - დასძინა მელონიმ.