იტალიის მთავრობა აქციების დროს ძალადობისთვის სასჯელს ამკაცრებს
იტალიის მთავრობა საპროტესტო აქციების დროს ძალადობის აქტებისთვის სასჯელს ამკაცრებს. კერძოდ, შემოღებული იქნება ცალკე მუხლი აქციის დროს ძალადობისთვის. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
„დაწესდება დანაშაულის ახალი შემადგენლობა - ძალადობა საპროტესტო აქციების დროს“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში.
იტალიის მთავრობამ სპეციალური სხდომა ჩაატარა, სადაც დაამტკიცა „საკანონმდებლო დეკრეტი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა დანაშაულთან ბრძოლის ზომების შესახებ არასრულწლოვანთა შორის“.
მელონიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო ძალზე ხისტად უპასუხებს საპროტესტო აქციების მონაწილეებს, რომლებიც მაროდიორობით და სხვადასხვა ქონების განადგურებით არიან დაკავებულები.
იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, პრევენციული დაკავების ნორმა, რომელიც აქამდე სრულწლოვანი პირების მიმართ გამოიყენებოდა, ახლა არასრულწლოვნებზეც გავრცელდება.
„თუ მსვლელობის ან მიტინგის დროს 5 ადამიანზე მეტი ჯგუფი ისვრის ქვებს, პეტარდებს, ჯოხებს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, მათ 5 წლამდე პატიმრობა და 20 ათასამდე ევროს ჯარიმა ემუქრებათ. თუ აქციის მონაწილეს სახე დაფარული ექნება, ან აქციის მონაწილის ქმედების შედეგად ვინმე დაიჭრა, სასჯელი მკაცრდება და ეს დაჯგუფების ყველა წევრს ეხება“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
არასრულწლოვნებხე «flagranza differita»-ის რეჟიმი ვრცელდება, ხოლო 16 წელზე უფროსი მოზარდების მიმართ მოსამართლეს სასჯელის ფორმის დაწესება იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუ ის მიმდინარე აღმზრდელობით პროცესს აფერხებს.
დეკრეტის მიხედვით, აუცილებლად სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, თუ სხეულის დაზიანება პოლიციის ან სხვა უწყების თანამდებობის პირს მიაყენეს. აქამდე არსებული ნორმის მიხედვით, საქმის აღძვრა მხოლოდ დამამძიმებელი გარემოებების დროს ხდებოდა.
ასევე იქმნება ცალკე მუხლი, რომლის მიხედვით, თუ სოციალური ქსელის ან საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ძალადობრივი ჯგუფი შეიქმნა და მან ძალადობრივი ქმედებები მოაწყო, მსგავსი ჯგუფების ორგანიზატორებს 4-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.