Loading data...
იტალიაში ცნობილი სქაიდაივერი დაიღუპა

ავსტრიელი ექსტრემალი-სქაიდაივერი ფელიქს ბაუმჰარტნერი, რომელსაც რამდენიმე მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის, მოტოპარაპლანით ფრენის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დიაღუპა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

უბედური შემთხვევა იტალიის ქალაქ პორტო-სანტ-ელპიდიოში მოხდა, რომელიც ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ცნობით, ბაუმჰარტნერი ძრავიანი პარაპლანით მიფრინავდა, მაგრამ თავი შეუძლოდ იგრძნო და საფრენი აპარატის მართვა დაკარგა.

პარაპლანი ერთ-ერთი სასტუმროს მახლობლად მდებარე შენობას დაეჯახა. სქაიდაივერი ადგილზე დაიღუპა. კატასტროფის დროს სასტუმროს ერთი თანამშრომელი ქალი დაშავდა - მას პარაპლანის ნამსხვრევები კისერში მოხვდა.

ბაუმჰარტნერს 10 მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის. ყველაზე ცნობილი რეკორდი მან 2012 წელს დაამყარა, როდესაც სტრატოსფეროში ასული საჰაერო ბურთიდან, 38 969 მეტრიდან გადმოხტა. იმ ნახტომის დროს  ბაუმჰარტნერმა სხვა რეკორდებიც დაამყარა - ის მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც დამატებითი ტექნიკური საშუალებების გარეშე ბგერის სიჩქარეზე სწრაფი სიჩქარე აკრიფა - 1357,6 კმ/სთ.