Loading data...
იტალიაში სახელმწიფო ვიზიტების დროს ფრენების გასაიდუმლოებას განიხილავენ - The Guardian

იტალიაში სახელმწიფო ვიზიტების დროს ფრენების გასაიდუმლოებას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian იტალიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რომი განიხილავს სახელმწიფო ვიზიტებისას ფრენების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებას, ასევე პრემიერ-მინისტრის ოფისის ვებგვერდზე დაგეგმილი ვიზიტების შესახებ მინიმალური ინფორმაციის გამოქვეყნებას, რათა ფრენების მარშრუტების დადგენა გართულდეს.

როგორც The Guardian წერს, შესაბამისი ინიციატივით პირველად რამდენიმე თვის წინ, იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო გამოვიდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის სიახლოვეს, საჰაერო სივრცეში თანამგზავრული ნავიგაციის სისტემების მუშაობაში გარე ჩარევები გახშირდა.

ცნობისთვის, პირველ სექტემბერს Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ GPS სიგნალის ჩახშობის გამო ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი ბულგარეთის აეროპორტში ქაღალდის რუკების გამოყენებით დასვეს. როგორც გამოცემა იუწყება, GPS სიგნალის ჩახშობის შედეგად ბულგარეთის აეროპორტში ნავიგაციის სერვისები გაითიშა. ინციდენტი ჯერ ბულგარეთის საჰაერო ნავიგაციის სამსახურმა, შემდეგ კი ევროკომისიამაც დაადასტურა.