იტალიაში, რომის პაპის გარდაცვალების გამო, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

იტალიის მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო, ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ, სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ნელო მუსუმეჩიმ განაცხადა, იუწყება სააგენტო ANSA.
გლოვა 26 აპრილამდე, წმინდა პეტრეს მოედანზე პონტიფიკოსის დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება.
მუსუმეჩიმ განმარტა, რომ პარასკევს, 25 აპრილს, განთავისუფლების ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ორგანიზებული ცერემონიები დაიშვება „ფხიზელ მდგომარეობაში“.
იტალია, ყოველწლიურად, 25 აპრილს აღნიშნავს განთავისუფლების დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ფაშიზმისა და ნაცისტური ოკუპაციისგან ქვეყნის განთავისუფლების აღსანიშნავად.
შეგახსენებთ, პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის განცხადებით, პონტიფიკოსის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი და შემდგომი გულის უკმარისობა გახდა. პაპის დაკრძალვის ცერემონია 26 აპრილს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება. ანდერძის თანახმად, მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.