იტალიასა და გერმანიას შორის მიგრანტების გამო სკანდალი მწიფდება
ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების გარშემო იტალიასა და გერმანიას შორის უთანხმოება მწვავდება. როგორც იტალიის ვიცე-პრემიერმა და ტრანსპორტის მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა, იტალია არალეგალებს აღარ მიიღებს, რომლებსაც გერმანია უკან იტალიაში აგზავნის, ვიდრე გერმანიის ჰუმანიტარული ორგანიზაციების გემები ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენას გააგრძელებენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„გერმანიას არ აქვს უფლება, რომ ჩვენთან ერთი მიგრანტიც კი გამოაგზავნოს, ვიდრე მისი არასამთავრობო ორგანიზაციათა გემები ხმელთაშუა ზღვაში დადიან და იტალიასა და ევროპაში ათასობით არალეგალი მიგრანტი ჩაჰყავთ“, - განაცხადა სალვინიმ.
რომის ინფორმაციით, მხოლოდ 2026 წელს გერმანულმა არასამთავრობო სტრუქტურებმა ხმელთაშუა ზღვაში გადაარჩინეს და იტალიაში ჩაიყვანეს 2200 მიგრანტი. მათმა ნაწილმა მოგვიანებით იტალია დატოვა და ევროპის სხვა ქვეყნებში წავიდა.
მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების ევროპული სისტემა ივნისში ამოქმედდა. ამ სისტემის მიხედვით, გერმანიის და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, დუბლინის შეთანხმების მიხედვით, იტალიაში იმ მიგრანტების დაბრუნება შეუძლიათ, რომლებიც ევროკავშირში იტალიიდან შევიდნენ. ამის მიუხედავად, თავშესაფრის ახალი სისტემის ამოქმედებიდან იტალიამ არც ერთი მიგრანტი არ მიიღო უკან, როლებიც იქ გერმანიიდან დაბრუნდნენ.