Loading data...
ISW: რუსეთს მხოლოდ დონბასი არ სურს, გაცილებით მეტი ტერიტორია სურს

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) 27 იანვრის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ტერიტორიული და პოლიტიკური პრეტენზიები დონბასის ფარგლებს სცილდება.

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ რუსი ოფიციალური პირები, მათ შორის რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელი კირილ დმიტრიევი, აცხადებს, რომ დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანა შეიძლება „მშვიდობისკენ მიმავალი გზა“ იყოს. ამავდროულად, სხვა ოფიციალური პირები, ასევე, გენერალი ვალერი გერასიმოვი, ახსენებენ ბუფერულ ზონებს ხარკოვის, სუმის და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში, რაც უფრო ფართო ტერიტორიულ ამბიციებზე მიუთითებს.

ISW-ის თანახმად, რუსეთი, ასევე, ადგენს პოლიტიკურ და სტრატეგიულ მიზნებს, მათ შორის მოთხოვნებს ნატოსა და დასავლეთის ქვეყნების მიმართ.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოგვარების მიზნით ომის „ძირეული მიზეზები“ უნდა აღმოიფხვრას.

სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსეი ჟურავლევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონბასი მთავარი საკითხი არ არის და სხვა საკითხებიც წამოჭრა.

ISW აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნები იმეორებს რუსეთის პოზიციას 2021–2022 წლებში - ნატოს გაფართოების შეზღუდვა, მისი 1997 წლის საზღვრებში დაბრუნება და უკრაინის დემოკრატიული მთავრობის მოსკოვის მიერ კონტროლირებადი მთავრობის ჩანაცვლება.

„რუსი ოფიციალური პირების მიერ შიდა აუდიტორიისთვის გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ რუსეთი არ დაკმაყოფილდება შეზღუდული სამშვიდობო შეთანხმებით და უკრაინის სრულ დანებებას ცდილობს“, - წერს ომის შესწავლის ინსტიტუტი.