Loading data...
ISW: რუსეთი უარყოფს აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ ნებისმიერ ვერსიას

რუსეთი, სავარაუდოდ, უარყოფს აშშ-ის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის ნებისმიერ ვერსიას, რადგან მას უკრაინასა და მსოფლიოში საკუთარი მიზნების მიღწევის დაბრკოლებად მიიჩნევს. ამ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები, რომლებიც კრემლიდან მომდინარე საინფორმაციო „სიგნალებს“ აანალიზებენ.

ანალიტიკოსებმა გაიხსენეს, რომ ერთ-ერთმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა „ნათლად“ მიანიშნა რუსეთის სამხედრო მიზნების სამხედრო საშუალებებით მიღწევის სურვილზე, შესაბამისად, 2022 წლის სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებები „შეუძლებელია“.

მან, ასევე, დასძინა, რომ რუსეთის მონაწილეობა ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში „მხოლოდ“ დამოკიდებულია რუსეთის პროგრესზე ბრძოლის ველზე.

ამავდროულად, მან განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთისთვის სასარგებლო არ არის, რადგან ცეცხლის შეწყვეტა რუსეთს აიძულებს გააუქმოს 2022 წლის სექტემბრის მობილიზაციის ბრძანებულება, რომელიც შეამცირებს რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობას.

ყოფილმა რუსმა ოფიცერმა იგორ გირკინმა, ასევე, განაცხადა, რომ კრემლი სამშვიდობო წინადადების საფუძველზე არანაირ შეთანხმებას არ მოაწერს ხელს და უკრაინაში ომი გაგრძელდება.

გირკინი ამტკიცებდა, რომ კრემლი არ აიღებდა ვალდებულებას ისეთი მექანიზმების გამოყენებაზე, რომლებიც ოფიციალურად აღიარებდა რუსეთს აგრესორად და შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემდა, დაეწესებინა სანქციები მის მიმართ, თუ ის დაარღვევდა სამშვიდობო შეთანხმებას.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება რუსეთისთვის არახელსაყრელი იყო, რადგან ის აიძულებდა მას ოფიციალურად უარი ეთქვა „უკრაინის უკანონოდ ანექსირებულ ნაწილებზე“, დაეთმო „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი“ შეტევითი პოზიციები სუმის, ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში, მიეცა უკრაინული ჯარებისთვის დასვენებისა და აღდგენის დრო, მკვეთრად შეამცირებდა რუსი ჯარების საბრძოლო მზადყოფნას და გამოიწვევდა რუსეთსა და ჩინეთს შორის „სტრატეგიულ უფსკრულს“.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ მიმომხილველმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო წინადადებას სერიოზულად არ აღიქვამს და არ ელის, რომ გეგმა იმუშავებს.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი „ვითომ“ მზადაა, შეერთებული შტატები შუამავლად მიიღოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ცდილობს შეთანხმებას, რომელიც მის გამარჯვებას ბრძოლის ველზე უზრუნველყოფს.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი შემდგომ დათმობებზე წავიდეს, რადგან კრემლი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი უკვე მოიგო.

„რუსი ოფიციალური პირები და ულტრანაციონალისტები სამშვიდობო შეთანხმების პირველად გამოქვეყნების შემდეგ მუდმივად საჯაროდ უარყოფდნენ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას და მის შემდგომ ვერსიებს, რადგან შემოთავაზებული გეგმა ვერ აკმაყოფილებს რუსეთის სამხედრო მოთხოვნებს“, - დასძენენ ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები.