Loading data...
ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი რომში 4 აგვისტოს დაიწყება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის აშშ-ის შუამავლობით ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მომავალ კვირას რომში გაიმართება.

ორივე მხარის ტექნიკური ჯგუფები 4-დან 6 აგვისტომდე შეხვდებიან ერთმანეთს და ყურადღებას გაამახვილებენ ისრაელსა და ლიბანს შორის გასულ თვეში ხელმოწერილი საბოლოო სამშვიდობო გარიგების ჩარჩო შეთანხმების განხორციელების წინსვლაზე.

„ეს მოიცავს „საპილოტე ზონის“ პროცესის გაფართოებას, ყველა გადაუჭრელი სასაზღვრო საკითხის მოგვარებას და ყოვლისმომცველ მშვიდობისა და უსაფრთხოების შეთანხმებაზე მუშაობას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში მდებარე „საპილოტე ზონიდან“ გასულ კვირას გავიდნენ, თუმცა მას შემდეგ ბეირუთმა იერუსალიმი ამ ტერიტორიაზე ლიბანის შეიარაღებული ძალების მოქმედების შეფერხებაში დაადანაშაულა.

სახელმწიფო დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ ძალაუფლების გადაცემა კარგად მიმდინარეობს, იმ შეშფოთების ფონზე, რომ ისრაელი ოქტომბერში ქნესეთის [ისრაელის პარლამენტის] არჩევნების მოახლოებასთან ერთად სამხრეთ ლიბანიდან ძალების დამატებით გაყვანას არ დათანხმდება.

„საწყისი ზონების“ გამოცდილება დაგვეხმარება „საპილოტე ზონის“ დანერგვის სრულყოფაში, რათა მისი გაფართოება ეტაპობრივად მოხდეს. სამმხრივი ჩარჩო შეთანხმება მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა. მისი სრული განხორციელება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და ტრამპის ადმინისტრაცია მისი წარმატების ერთგულია“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.