Loading data...
ისრაელმა სამხრეთ ლიბანს დრონით შეუტია - ლიბანური მედია

ისრაელმა დრონით ლიბანის სამხრეთით მდებარე ქალაქ აინატას გარეუბანს შეუტია. ინფორმაციას Deutsche Welle ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო NNA-ს ცნობით, საჰაერო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

მედიის ინფორმაციით, დრონები და სათვალთვალო თვითმფრინავი ტერიტორიის თავზე „დაბალ სიმაღლეზე“  ფრენას აგრძელებენ.

იერიშთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალებს კომენტარი არ გაუკეთებია.

ინფორმაციისთვის, ისრაელსა და ლიბანურ შეიარაღებულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 2024 წლის 27 ნოემბერს შევიდა.

შეთანხმების თანახმად, ისრაელის არმიას სამხრეთ ლიბანი 60 დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა, ხოლო „ჰეზბოლას“ მდინარე ლიტანის უკან უნდა დაეხია. ლიბანის არმია სამხრეთში გაეროს სამშვიდობო ძალებთან ერთად უნდა განლაგებულიყო. მოგვიანებით, ვადა 18 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ლიბანზე რამდენიმე დარტყმა განახორციელა და აცხადებდა, რომ სამიზნე „ჰეზბოლას“ კუთვნილი ობიექტები იყო, დაჯგუფების მიერ შეთანხმების სავარაუდო დარღვევის გამო.