Loading data...
ისრაელმა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების მშენებლობის გეგმას მხარი დაუჭირა

ისრაელის დაგეგმვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების მშენებლობის გეგმას. გეგმის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე 3400 ახალი სახლის მშენებლობა იგეგმება. საუბარია აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ისრაელის ქალაქ მაალე-ადუმს შორის ტერიტორიაზე. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

საერთო ჯამში საუბარია 12 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე დასახლებების მშენებლობაზე. გეგმის განხორციელების შემთხვევაში დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნის იდეა შეუძლებელი გახდება. ეს დასახლება იორდანეს დასავლეთ ნაპირს ორ ზონად - ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად დაყოფს.

ისრაელის ფინანსთა მინისტრმა და ულტრამემარჯვენე პარტიის, „რელიგიური სიონიზმის“ ლიდერმა ბეცალელ სმოტრიჩმა განაცხადა, რომ გეგმის განხორციელების შემდეგ პალესტინური სახელმწიფოს შექმნის იდეა „დასამარდება“.

„პალესტინური სახელმწიფოს შექმნის იდეა არ ლოზუნგებით, არამედ კონკრეტული მოქმედებებით გაქრება“, - განაცხადა მან.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, აღმოსავლეთ იერუსალიმზე და ღაზაზე კონტროლი ისრაელმა 1967 წლის 6-დღიანი ომის შემდეგ მოიპოვა. მაშინდელი შეთანხმებების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე ებრაული დასახლებების მშენებლობა აკრძალული იყო.