ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ოპერაცია დროში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაგრძელდება
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციას ვადები არ აქვს.
„ოპერაცია გაგრძელდება დროში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რამდენი დროც საჭირო იქნება, სანამ ყველა მიზანს და კამპანიაში გამარჯვებას არ მივაღწევთ“, - განაცხადა კაცმა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირთან და ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წევრებთან ერთად სიტუაციური შეფასების დროს.
ზოგიერთი ცნობით, ისრაელში არსებობს გარკვეული შეშფოთება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ომის დასრულება ისრაელზე ადრე გადაწყვიტოს.
კაცმა გაიმეორა ისრაელის გზავნილი, რომ თავდაცვის ძალების დარტყმების ერთ-ერთი მიზანია, „ირანელ ხალხს აღზევების, მოქმედებისა და ამ რეჟიმის დამხობის საშუალება მისცეს“, თუმცა, მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ეს თავად ირანელებზეა დამოკიდებული.
კაცის თქმით, აშშ და ისრაელი „ახორციელებენ შთამბეჭდავ და სისტემატურ ოპერაციებს, რომელთა სამიზნეც თავად რეჟიმის პერსონალი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და სახელმწიფო მილიციაა. ეს უკანასკნელი ირანის მიერ შიდა პროტესტების სასტიკ ჩახშობაში მთავარი მოთამაშე იყო.