Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჯარებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ 20-მდე შეიარაღებული პირი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ სამხრეთ ლიბანის ქალაქ ბინტ ჯბეილში მდებარე საავადმყოფოზე იერიში მიიტანეს, სადაც „ჰეზბოლას“ შეიარაღებული წევრები იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც 20-მდე შეიარაღებული პირი მოკლეს.

როგორც მედია წერს, გასულ კვირას, გივატის ბრიგადის ჯარებმა ბინტ ჯბეილის სამთავრობო საავადმყოფოში „ჰეზბოლას“ სამხედრო აქტივობა აღმოაჩინეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო დღეებში მათ რამდენიმე ტერორისტი დაადგინეს, რომლებიც საავადმყოფოდან ახორციელებდნენ თვალთვალს და შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის ჯარისკაცებს.

„მოკლე დროში ჯარებმა ტერორისტები გაანადგურეს. გარდა ამისა, დაახლოებით 20 ტერორისტი მიზანში ამოიღეს და გაანადგურეს საავადმყოფოს ტერიტორიაზე, რათა მოეშორებინათ დაუყოვნებელი საფრთხე“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

სამხედროების თქმით, ჯარისკაცებმა შემდეგ სამედიცინო ცენტრი დაარბიეს, სადაც მათ „ჰეზბოლას“ კუთვნილი იარაღის სამალავი აღმოაჩინეს.

„ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაცია სისტემატურად და განუწყვეტლივ იყენებდა საავადმყოფოს კომპლექსს და მის მიმდებარე ტერიტორიას ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო მიზნებისთვის, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ადრე განაცხადეს, რომ „ჰეზბოლა“ სამედიცინო დაწესებულებებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.

„ოპერაციის დაწყებამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის შესაბამის ორგანოებს განუმარტა, რომ ლიბანის საავადმყოფოებში ყველა სამხედრო აქტივობა უნდა შეწყდეს,  ამის მიუხედავად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ აგრძელებდა საავადმყოფოს გამოყენებას სამხედრო საქმიანობისთვის“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.