ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური აცხადებს, რომ ისრაელელები ირანის წინააღმდეგ „ხანგრძლივი კამპანიისთვის“ უნდა მოემზადონ

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი აცხადებს, რომ ისრაელელები ირანის წინააღმდეგ „ხანგრძლივი კამპანიისთვის“ უნდა მოემზადონ, რათა „ამ მასშტაბის საფრთხე აღმოიფხვრას“.
ვიდეო განცხადებაში ზამირი ამბობს, რომ ირანი „წლების განმავლობაში ქმნიდა ისრაელის სახელმწიფოს განადგურების მკაფიო გეგმას“ და რომ ბოლო თვეებში „გეგმამ შეუქცევად წერტილს მიაღწია, სადაც შესაძლებლობებმა ოპერატიულ შესაძლებლობებს მიაღწია“.
„ჩვენ კამპანია დავიწყეთ მაშინ, როდესაც ირანს დაახლოებით 2500 მიწა-მიწის ტიპის რაკეტა ჰქონდა, წარმოების მაღალი ტემპით, ისე, რომ დაახლოებით ორ წელიწადში მოსალოდნელი იყო, რომ მათ თითქმის 8000 რაკეტა ექნებოდათ“, - განაცხადა ზამირმა.
მისივე თქმით, ირანის ბალისტიკური რაკეტების ძალისხმევამ, ახლო აღმოსავლეთში მარიონეტულმა ძალებმა და ბირთვულმა მიღწევებმა ისრაელი აიძულა, მისთვის პრევენციული დარტყმა მიეყენებინა.
როგორც ზამირმა აღნიშნა, ისრაელის თავდაცვის ძალები „ამ ოპერაციისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდნენ“ და ის „ოპერაციული და სტრატეგიული პირობების თანხვედრის წყალობით“ დაიწყო.
„დაგვიანების შემთხვევაში, იარსებებდა რისკი, რომ ეს პირობები დაგვეკარგა და მომავალში კამპანიაში აშკარად არახელსაყრელი პოზიციიდან შევსულიყავით. ჩვენ გვესმოდა, რომ ისტორია არ გვაპატიებდა, თუ ახლავე არ ვიმოქმედებდით ისრაელის სახელმწიფოში ებრაელი ხალხის არსებობის დასაცავად“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ზამირის თქმით, ირანზე ისრაელის თავდაცვის ძალების პირველმა „მოულოდნელმა“ დარტყმებმა „არაჩვეულებრივ შედეგებს მიაღწია“.
„ჩვენ გავანადგურეთ მტრის უმაღლესი სარდლობა, დიდი ზიანი მივაყენეთ ბირთვული პროგრამის კომპონენტებს, გავხსენით საჰაერო დერეფანი თეირანისკენ, აღმოვაჩინეთ და გავანადგურეთ რაკეტების გამშვები დანადგარების დაახლოებით ნახევარი, ზოგიერთი მათგანი გაშვებამდე სულ რაღაც რამდენიმე წუთით ადრე და მტერი გავაკვირვეთ, მისი გაძლიერებული მზადყოფნის მიუხედავად“, - ამბობს ის.
„ჩვენ ვემზადებით მოვლენების შესაძლო განვითარების მთელი რიგისთვის. ჩვენს ისტორიაში ყველაზე რთული კამპანია დავიწყეთ. ჩვენ დავიწყეთ ეს კამპანია, რათა აღმოგვეფხვრა ამ მასშტაბის საფრთხე ასეთი მტრის წინააღმდეგ, რომელიც მოითხოვს მზადყოფნას ხანგრძლივი კამპანიისთვის“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა.