Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზაში განხორციელებული დარტყმის შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტი მოკლეს, რომელმაც 7 ოქტომბერს მძევალი აიყვანა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, პალესტინელი „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტი, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელში შეიჭრა და ისრაელელი მძევალი გაიტაცა, ამ კვირაში ღაზას სექტორის სამხრეთით განხორციელებული დარტყმის შედეგად მოკლეს.

მათივე ცნობით,ხან-იუნისში განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა ტარექ ანვარ ხამის რაი.

„7 ოქტომბერს რაი შეიჭრა ბეერის კიბუცში და მონაწილეობდა ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქის გატაცებაში“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იყო მძევალი.

როგორც მედია წერს, სამხედროები ცეცხლის შეწყვეტის ფონზე განხორციელებულ დარტყმას იმით ამართლებენ, რომ რაი ბოლო დროს ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს ახორციელებდა.

ისრაელის თავდაცვის ძალები დასძენს, რომ ის „საფრთხის მოსაშორებლად იქნა ლიკვიდირებული“.