ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე დარტყმები განახორციელეს
მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა, ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე დარტყმები განახორციელეს.
ისრაელელი სამხედროების თქმით, მათ ლიბანში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთში, „ჰეზბოლას“ ათობით სამიზნეზე იერიში მიიტანეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ჰეზბოლას შტაბ-ბინასა და ინფრასტრუქტურაზე.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ დარტყმის დროს ტერორისტული დაჯგუფების „მაღალი დონის“ წევრები დაიღუპნენ.
ამასთან, ისრაელმა ლიბანში 50-ზე მეტ სოფელსა და ქალაქს დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდა.
„თქვენი უსაფრთხოებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ თქვენი სახლები“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი პრესსპიკერი, ლეიტენანტი პოლკოვნიკი ელა ვავეია.