ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისრაელი ირანთან „დაუსრულებელ ომს“ არ ცდილობს
ისრაელი ირანში „დაუსრულებელ ომს“ არ ცდილობს და შეერთებულ შტატებს კოორდინაციას გაუწევს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა შეწყდეს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმდინარე ერთობლივი დაბომბვის კამპანია, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა იერუსალიმში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„დროთა განმავლობაში, ჩვენ კონსულტაციებს გავმართავთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან, როდესაც ჩავთვლით, რომ [კონფლიქტის დასრულების] შესაფერისი დროა - დავასრულებთ. ჩვენ დაუსრულებელ ომს არ ვეძებთ“.
ირანის ახლად არჩეულ უზენაეს ლიდერზე საუბრისას საარი ამბობს, რომ „ახალი ხამენეი წინაზე არანაკლებ ექსტრემისტულია“.
„ნაწილობრივი შედეგებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. განვაგრძობთ, ვიდრე ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ჩავთვლით, რომ შეჩერება მიზანშეწონილი იქნება“, - დასძენს საარი.
საარი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქვეყნებს, გადადგან შემდეგი მორალური ნაბიჯი და „გაწყვიტონ ყველა დიპლომატიური კავშირი ამ ტერორისტულ რეჟიმთან“.