Loading data...
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას სარაკეტო თავდაცვის დეფიციტისა და ლიბანში სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ

ისრაელის საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა, ირანის რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას უცხოურ მედიასთან საუბრისას უარყო ინფორმაცია, რომ ისრაელი და ლიბანი „ჰეზბოლასთან“ ბრძოლის ფონზე უახლოეს დღეებში პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ.

„როიტერის“ რეპორტიორის კითხვაზე, შეუძლია თუ არა საარს დაადასტუროს ინფორმაცია, რომ ბეირუთი და იერუსალიმი, სავარაუდოდ, „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირების შესახებ შეთანხმებას და შესაძლოა, უფრო ფართო თანამშრომლობას განიხილავენ, საარი პასუხობს: „არა“.

„თუ ლიბანის მთავრობას და ლიბანის არმიას რამის შეცვლა სურთ, მათ უნდა გააკეთონ რამე, რათა შეაჩერონ „ჰეზბოლას“ მიერ ლიბანის ტერიტორიიდან განხორციელებული თავდასხმები.

აქამდე მათ არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებიათ [ჰეზბოლას თავდასხმების] შესაჩერებლად“, - აცხადებს ის და აღნიშნავს, რომ 2024 წლის ნოემბერში ირანის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტულ დაჯგუფებასთან აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, „ლიბანმა რეალურად არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა „ჰეზბოლას“ დასაშლელად და ახლა ვხედავთ შედეგებს. ასევე, ველით, რომ სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამენ ისრაელზე სროლების შესაჩერებლად. ეს არის პრაქტიკული ნაბიჯი, რომელიც ახლა უნდა გაკეთდეს“.

„ჩვენ ყველანი მშვიდობისა და ნორმალიზაციის მომხრე ვართ მომავალში, მათ შორის ლიბანთან. ვფიქრობ, ლიბანში პრობლემა „ჰეზბოლაა“. ჩვენ რეალური დავები არ გვაქვს ლიბანის სახელმწიფოსთან. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მცირე სასაზღვრო დავა, რომელთა მოგვარებაც საკმაოდ მარტივად შეიძლება. თუმცა, პრობლემა „ჰეზბოლაა“, - დასძენს საარი.

საარი, ასევე, უარყოფს ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ მას რაკეტების ჩამჭრელი სისტემები ეწურებოდა. როდესაც იმავე რეპორტიორმა ამ ინფორმაციის დადასტურება სთხოვა, საარი პასუხობს: „პასუხია არა“, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.