Loading data...
ისრაელის პრემიერის ოფისი პირველ კომენტარს აკეთებს ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემულ დაკავების ორდერებზე

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში პირველი კომენტარი გაკეთდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მიერ, ნეთანიაჰუსა და ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერების გამოცემასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, ისრაელის პრემიერს და ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბრალად ედება ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულების ჩადენა. 

ნეთანიაჰუს ოფისში ჰააგის სასამართლო „ანტისემიტური გადაწყვეტილების მიღებაში“ დაადანაშაულეს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოა ანტისემიტური გადაწყვეტილება არის „თანამედროვე დრეიფუსის პროცესი“, რომელიც იგივენაირად დასრულდება“, - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში.

ცნობისთვის, 1890-იან წლებში, სასამართლო პროცესი აღიძრა საფრანგეთის არმიის ოფიცრის, წარმოშობით ებრაელი ალფრედ დრეიფუსის წინააღმდეგ, რომელიც ყალბი მტკიცებულების საფუძველზე, ბრალი დასდეს საფრანგეთის გენერალური შტაბიდან საიდუმლო დოკუმენტის გაქრობაში და გერმანიის დაზვერვასთან კავშირში დაადანაშაულეს. დრეიფუსის საქმემ საფრანგეთში სოციალური კონფლიქტი გამოიწვია. მის უდანაშაულობაში დარწმუნებული ადამიანები თვლიდნენ, რომ დრეიფუსი ებრაული წარმოშობის გამო ისჯებოდა.

1895 წელს საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო. მისი საქმის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ცნობილი ფრანგი მწერლის, ემილ ზოლას მიერ, დრეიფუსის მხარდასაჭერად დაწერილმა ღია წერილმა „მე ბრალს ვდებ“, რომელიც გაზეთ „ლ'ორორის“ პირველ გვერდზე გამოქვეყნდა. ამის გამო, მწერალი იძულებული გახადეს, საფრანგეთი დაეტოვებინა და ინგლისში გადასახლებულიყო.

საქმის განხილვა დროში გაიწელა და საბოლოოდ, დრეიფუსმა საკუთარი უდანაშაულობა 1906 წელს დაამტკიცა.