Loading data...
ისრაელის პრემიერი: ვაშინგტონსა და თეირანს შორის ნებისმიერი შეთანხმების მიუხედავად, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება, თუმცა ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის ნებისმიერი შეთანხმების მიუხედავად, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.

ომის დასრულებასთან დაკავშირებით მზარდი შიდა კრიტიკის ფონზე, მათ შორის საკუთარი მთავრობის წევრების მხრიდანაც - ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა მისი „ცხოვრებისეული მისიაა“ და განაცხადა:

„შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება - არც დღეს და არც ხვალ. სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება“.

ნეთანიაჰუმ, ასევე, გაიმეორა თავისი განცხადება, რომ ირანიდან მომდინარე ბირთვული საფრთხე „მყისიერი და რეალური საშიშროება“ იყო და რომ ისრაელმა, „ამერიკელ მეგობრებთან ერთად“, შეძლო მისი აღმოფხვრა.

„ჩვენ დავიწყეთ ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეტევითი ოპერაცია. სამიზნეები იყვნენ - ბირთვული მეცნიერები, გავანადგურეთ ტერორისტული რეჟიმის ლიდერები, დავანგრიეთ ბირთვული ობიექტები, გავანადგურეთ რაკეტები და რაკეტების მწარმოებელი ქარხნების უდიდესი ნაწილი. დავარტყით სამხედრო საწარმოსა და ინფრასტრუქტურას. გავანადგურეთ მათი საზღვაო და საჰაერო ძალები. გავანადგურეთ ბაზების მეთაურები, რომლებიც ირანელ ხალხს ხოცავდნენ. უზარმაზარი ზიანი მივაყენეთ ირანის ეკონომიკას, ზოგი ამ ზარალს ასობით მილიარდ დოლარად აფასებს, ზოგი კი თითქმის ტრილიონ დოლარამდე.

ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში მოვაშორეთ ისრაელის მოსახლეობის განადგურების საფრთხე. სწორედ ეს გავაკეთეთ. ჩვენ ისრაელის სახელმწიფო განადგურებას გადავარჩინეთ“, - აცხადებს ისრაელის პრემიერი.

თუმცა მან, ასევე, აღნიშნა, რომ „ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის. მოგვიწევს სიფხიზლის შენარჩუნება, ძალისა და სიმტკიცის შენარჩუნება და საკუთარი თავის დაცვა იმდენად, რამდენადაც საჭირო იქნება“.

მისი თქმით, ეს მხოლოდ ირანს არ ეხება.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას „ირანის ტერორისტული ქსელისა და მისი წარმომადგენლების“ წინააღმდეგ, როგორც ამას უკვე აკეთებს ღაზაში, ლიბანში, სირიაში, იემენსა და დასავლეთ სანაპიროზე.

აშშ-ის მხრიდან ისრაელის მოქმედების თავისუფლების შესაძლო შეზღუდვებთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე, ნეთანიაჰუმ დასძინა, რომ ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლის გარდა, „ჩვენ შევქმენით ღრმა უსაფრთხოების ზონები ისრაელის გარშემო - ღაზაში, ლიბანში და სირიაში“ და ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ დავრჩებით ამ უსაფრთხოების ზონებში იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნის დასაცავად“.

ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელი „გააგრძელებს რეგიონში საფრთხეების თავიდან აცილებას“.