Loading data...
ისრაელის პრემიერი: კატარი და ჩინეთი ცდილობენ ისრაელის პოლიტიკურ ბლოკადას, თუმცა „აშშ ჩვენთანაა“

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჩინეთი და კატარი დასავლურ მედიაში ისრაელის „პოლიტიკური ბლოკადის“ კამპანიას აწარმოებენ.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა  აშშ-ის დელეგაციას და დასძინა, რომ „მიმდინარეობს [ამ მხარდაჭერის] შესუსტების მცდელობა“.

მიუხედავად იმისა, რომ ირანმა ისრაელის „ალყაში“ მოქცევა სცადა თავისი ტერორისტული მარიონეტების ქსელის მეშვეობით,  ისრაელმა „შეძლო ამ ალყისგან თავის დაღწევა“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჩვენ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს ამ ალყისგან თავის დასაღწევად, რომელიც რამდენიმე სახელმწიფოს მიერ არის ორგანიზებული“.

ის ამ სახელმწიფოებს ასახელებს: „ერთი ჩინეთია. მეორე კი კატარი. ისინი ისრაელზე თავდასხმას აწყობენ... დასავლური სამყაროსა და შეერთებული შტატების სოციალური მედიის საშუალებით. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ და ამას ჩვენივე მეთოდებით დავუპირისპირდებით“, - აცხადებს ისრაელის პრემიერი.