Loading data...
ისრაელის ფინანსთა მინისტრმა დონალდ ტრამპი, პალესტინის სახელმწიფოს უარყოფის გამო, შეაქო

ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა დონალდ ტრამპი შეაქო მას შემდეგ, რაც აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ორი სახელმწიფოს იდეის მიმართ სკეპტიციზმი გამოხატა და პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მხარი არ დაუჭირა.

გამოცემა Time-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ იყო დრო, როდესაც ფიქრობდა, რომ ორი სახელმწიფოს იდეა იმუშავებდა. თუმცა ახლა მიიჩნევს, რომ ეს ძალიან რთული იქნება. 

„პალესტინის სახელმწიფო ტერორისტული სახელმწიფო იქნება, რომელიც ისრაელის არსებობას საფრთხეს შეუქმნის. საერთაშორისო წნეხი მის შესაქმნელად ისტორიული მასშტაბის უსამართლობაა. ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ მსოფლიოში უფრო მეტი ლიდერი დაინახავს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მიერ გამოვლენილ გამბედაობასა და ერთობას, რათა თავიანთი პოზიცია შეცვალონ“, - განაცხადა სმოტრიჩმა. 

ტრამპმა Time-ს უთხრა, რომ ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამართლიანად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მასიური თავდასხმა ვერ აღკვეთა. 

„მას [ისრაელს] აქვს ყველაზე დახვეწილი აღჭურვილობა. ყველაფერი ჰქონდათ, რათა თავდასხმა შეეჩერებინათ. ამის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცოდა, მაგრამ ისრაელმა ეს არ იცოდა და, ვფიქრობ, მას [ნეთანიაჰუს] ამის გამო ძალიან მკაცრად ადანაშაულებენ. თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა ტრამპმა.