Loading data...
ისრაელის ფინანსთა მინისტრი: საუდის არაბეთი თუ გვეტყვის, „ურთიერთობის ნორმალიზაცია პალესტინის სახელმწიფოს სანაცვლოდ“, არა, მეგობრებო, გმადლობთ, განაგრძეთ აქლემებით ჯირითი უდაბნოში

ისრაელის ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი აცხადებს, რომ ის არ დათანხმდება საუდის არაბეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შეთანხმებას, თუ ეს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს.

„საუდის არაბეთი თუ გვეტყვის „ნორმალიზაცია პალესტინის სახელმწიფოს სანაცვლოდ“, მეგობრებო, არა, გმადლობთ. განაგრძეთ აქლემებით ჯირითი საუდის არაბეთის უდაბნოში“, - აღნიშნა სმოტრიჩმა.

ისრაელის მედიის შეფასებით, სმოტრიჩის განცხადებამ რასისტული ტონის გამო კრიტიკა დაიმსახურა.

ერ-რიადი დიდი ხანია აცხადებს, რომ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს, თუ იერუსალიმი დათანხმდება მომავალში პალესტინის სახელმწიფოს შექმნას - რასაც სმოტრიჩი და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის სხვა წევრები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.