ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: ამერიკის პრეზიდენტი ღიად და საჯაროდ ეუბნება ისრაელის პრემიერს - „შენი უფროსი მე ვარ და გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან“
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომი წააგო და გადამწყვეტ მომენტში გატყდა,- ამის შესახებ ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა განაცხადა.
მისი აზრით, ნეთანიაჰუმ „ომი წააგო“ დიპლომატიურ ფრონტზე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა სამხედრო დონეზე წარმატებებს მიაღწია.
„ისრაელის სახელმწიფომ ბრძოლა მოიგო, ნეთანიაჰუმ კი ომი წააგო. ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა თავისი მისია შეასრულეს, ნეთანიაჰუმ კი ვერ შეძლო მიზნის მიღწევა. ირანის ფრონტზე ნეთანიაჰუს დიპლომატიურ მარცხზე უფრო აბსოლუტური კრახი ისტორიას არ ახსოვს“, - აცხადებს ისრაელის ოპოზიციის ლიდერი.
ლაპიდი აკრიტიკებს ვითარებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღიად უჭერს მხარს ვაშინგტონ-თეირანის შეთანხმებას და ფაქტობრივად კარნახობს ისრაელს, რა უნდა გააკეთოს.
„ამერიკის პრეზიდენტი ღიად და საჯაროდ ეუბნება ისრაელის პრემიერ-მინისტრს: „შენი უფროსი მე ვარ და გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან“, - აღნიშნა მან.
მისი შეფასებით, ისრაელი აღმოჩნდა არჩევანის წინაშე: დაემორჩილოს თავის მთავარ მოკავშირეს - აშშ-ს, თუ დამოუკიდებლად გააგრძელოს მოქმედება ირანის წინააღმდეგ.
ლაპიდი, ასევე, აცხადებს, რომ ნეთანიაჰუმ გარშემო შემოიკრიბა არაკომპეტენტური მრჩევლები. ბოლოს ის პარალელს ავლებს 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენებთან და დასძენს, რომ მაშინ გამოჩნდა ნეთანიაჰუს უსაფრთხოების ჩავარდნა, ხოლო ახლა - მისი დიპლომატიური მარცხი.