Loading data...
ისრაელის მთავრობამ ქვეყანაში „ალ-ჯაზირას“ მაუწყებლობის შეწყვეტას მხარი ერთხმად დაუჭირა - JP

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტმა ქვეყნის მასშტაბით კატარის საინფორმაციო არხის, Al Jazeera-ს მაუწყებლობის შეწყვეტას მხარი ერთხმად დაუჭირა. ამის შესახებ The Jerusalem Post-ი იუწყება.

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა კანონს, რომელიც ისრაელის საკანონმდებლო ორგანომ, ქნესეთმა 1 აპრილს მიიღო. კანონი ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, დახუროს ის უცხოური მაუწყებლები, რომლებიც ღაზაში ომის ფონზე ისრაელის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. 

„მთავრობამ ჩემი ხელმძღვანელობით ერთხმად გადაწყვიტა, [„ჰამასის“] წამახალისებელი არხი „ალ-ჯაზირა“ ისრაელში დახუროს“, - წერს სოციალურ ქსელ X-ში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

კომუნიკაციების მინისტრმა შლომო კარჰიმ კენჭისყრის დასრულებისთანავე ბრძანებას ხელი მოაწერა. ვიდეომიმართვაში მან „ალ-ჯაზირას“ „ჰამასის წამახალისებელი ორგანო“ უწოდა.

გადაწყვეტილება მაუწყებელს ყოველ 45 დღეში ხელახალ სერტიფიცირებას ავალდებულებს და გულისხმობს „ალ-ჯაზირას“ მაუწყებლობის შეწყვეტას არაბულ და ინგლისურ ენებზე, მაუწყებლის ოფისების დახურვას ისრაელში, ასევე, მაუწყებლობისთვის გამოყენებული აღჭურვილობის ჩამორთმევასა და ვებსაიტებზე წვდომის შეზღუდვებს.