ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარედ ოპოზიციის წარმომადგენელი, მატან კახანა აირჩიეს
ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) თავმჯდომარედ ოპოზიციის წარმომადგენელი, მატან კახანა აირჩიეს. ანალიტიკოსები ამას ისრაელის ოპოზიციის მნიშვნელოვან წარმატებას უწოდებენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
კახანას კანდიდატურას 120-დან 66-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. 54 წლის პოლიტიკოსი პარტია „იაშარის“ წარმომადგენელია. ამავე პარტიის ლიდერი, გადი აიზენკოტი ისრაელის ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს.
კახანამ ამირ ოხანა შეცვალა, რომელიც პარტია „ლიკუდის“ წარმომადგენელია. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლის შემდეგ საპარლამენტო პროცედურებზე მეტ გავლენას მოიპოვებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ, „ლიკუდმა“ ქნესეთის თავმჯდომარის პოზიციაზე ოფირ კაცი წარადგინა, მაგრამ მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.
მატან კახანა ახალგაზრდობაში ელიტურ ქვედანაყოფში, „საიერეტ მატკალში“ მსახურობდა, ხოლო შემდეგ 24 წლის განმავლობაში ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტი იყო. წოდებით ის პოლკოვნიკია.
კახანა ისრაელის ებრაული იდენტობის გაძლიერებას მხარს უჭერს, მაგრამ რელიგიურ საკითხებში კომპრომისების მომხრეა და ულტრარადიკალური პარტიების გავლენის შემცირებას უჭერს მხარს.
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდა. აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“, ვერც გადი აიზენკოტის ოპოზიციურმა ბლოკმა ვერ მიიღო. ვინაიდან აიზენკოტის ბლოკმა ამომრჩევლის მეტი ხმა მიიღო, ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა მთავრობის ფორმირება სწორედ მას დაავალა. აიზენკოტმა მთავრობა 6 დეკემბრამდე უნდა ჩამოაყალიბოს. აუცილებლობის შემთხვევაში კი ეს ვადა კიდევ 14 დღით გაგრძელდება.