Loading data...
ისრაელის ფინანსთა მინისტრის თქმით, ღაზაში 2 მილიონი ადამიანის შიმშილი შესაძლოა სამართლიანიც იყოს, თუმცა მსოფლიო ამას არ დაუშვებს

ბეზალელ სმოტრიჩი

ისრაელის ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის თქმით, ღაზას სექტორში 2 მილიონი ადამიანის შიმშილითა და წყურვილით დატანჯვა, სანამ ისრაელელ ტყვეებს არ დააბრუნებენ, შესაძლოა სამართლიანი და მორალურიც იყოს, თუმცა ამას მსოფლიოში არავინ დაუშვებს.

„დღევანდელ გლობალურ რეალობაში შეუძლებელია ომის წარმოება - მსოფლიოში არავინ არ მოგვცემს ნებას, შიმშილით და წყურვილით დავხოცოთ ორი მილიონი მოქალაქე, მაშინაც კი, თუ ეს სამართლიანი და მორალურია იქამდე, სანამ ისინი ჩვენს ტყვეებს არ დააბრუნებენ“, - განაცხადა სმოტრიჩმა პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, თუ პალესტინელებისთვის განკუთვნილი დახმარების გადანაწილებას „ჰამასის“ ნაცვლად ისრაელი გააკონტროლებდა, ომი უკვე დასრულებული იქნებოდა, მძევლები კი დაბრუნებულები.

„არ შეიძლება ერთი ხელით „ჰამასს“ ებრძოდეთ და მეორე ხელით, მათ ეხმარებოდეთ. ეს მათი (ჰამასის) ფულია, ეს მათი საწვავია და ეს მათი სამოქალაქო კონტროლია ღაზას სექტორზე“, - ამბობს ის.

შეგახსენებთ, ღაზას სექტორი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას მას შემდეგ მივიდა, რაც ისრაელმა იქ სამხედრო ოპერაცია დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, რა დროსაც, ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ წევრები შეიჭრნენ და 1 200-ზე მეტი დახოცეს, 250 ადამიანი კი გაიტაცეს. მათი ნაწილი, მათ შორის ბავშვები, კვლავაც ღაზას სექტორის ტერიტორიაზე რჩებიან ტყვეობაში.