ისრაელის ელჩი უკრაინაში აცხადებს, რომ ნეთანიაჰუსა და ზელენსკის შორის საუბარი შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაიმართოს
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის საუბარი შესაძლოა, მალე გაიმართოს. მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება იქნება. ამის შესახებ უკრაინაში ისრაელის ელჩმა მიხაილ ბროდსკიმ RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრს დიდი ხანია, უკრაინის პრეზიდენტთან საუბარი სურს. ბროდსკიმ განმარტა, თუ რატომ არ შედგა საუბარი აქამდე და რა საკითხების განხილვას გეგმავენ მხარეები.
„რამდენადაც ვიცი, ტექნიკური პრობლემების გამო საუბარი ჯერ არ შედგა. იმედი მაქვს, რომ ის უახლოეს დღეებში შედგება. ზუსტი თემა არ ვიცი. საუბარი ისრაელის მხარემ მოითხოვა. ვფიქრობ, მთავარი საკითხი ახლო აღმოსავლეთსა და ირანში არსებული სიტუაციის განხილვაა“, - აღნიშნა მან.
ისრაელის ელჩმა ასევე მიანიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი არ გაუშვებს ხელიდან შესაძლებლობას, გამოხატოს მადლიერება უკრაინის მიერ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისთვის.
„მას შემდეგ ბევრმა ქვეყანამ იგივე გააკეთა, მაგრამ ჩვენ ვაფასებთ უკრაინის გადაწყვეტილებას და ეს პრეცედენტია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.