ისრაელის ძალებმა „ჰეზბოლას“ სამხრეთ ფრონტის მეთაური მოკლეს
ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის შედეგად ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში შიიტური დაჯგუფების, ჰეზბოლას“ „სამხრეთ ფრონტის“ მეთაური იუსეფ ისმაილ ჰაშემი დაიღუპა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბეირუთის ჯნახის რაიონზე იერიშის შედეგად საერთო ჯამში 7 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
შეტევის დროს ჰაშემი „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელების შეხვედრაში მონაწილეობდა. ეს „ჰეზბოლას“ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ირანთან ისრაელის და აშშ-ის ბოლო ომის დაწყების შემდეგ სამიზნე აღმოჩნდა.
იუსეფ ისმაილ ჰაშემის დაღუპვის ფაქტი ისრაელის თავდაცვის ძალებმაც დაადასტურეს. ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ავიჰაი ადრაიმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ „სამხრეთ ფრონტი“ არის პასუხისმგებელი ისრაელის მოქალაქეთა წინააღმდეგ ტერორისტულ აქციებზე და სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალებზე თავდასხმებზე. ჰაშემი ისრაელის მიმართულებით რაკეტების და დრონების გაშვებას ხელმძღვანელობდა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ლიბანში 1318 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 125 ბავშვიო, 91 ქალი, ჯანდაცვის სამინისტროს 53 თანამშრომელი. 3900 ადამიანი დაიჭრა. რამდენია მათ შორის „ჰეზბოლას“ „ბოევიკი“, უცნობია.