Loading data...
ისრაელი ღაზას საკვებს, ისევ, არ აწვდის, მოსახლეობა შიმშილობს - BBC

 ისრაელის მხრიდან, ღაზას სექტორში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვების შეზღუდვა „ომის იარაღად“ შეაფასა გაეროს პალესტინელ დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა და თემაზე BBC-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა.

„ისრაელი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას საკვებზე წვდომას უზღუდავს, არც საერთაშორისო მედიას აძლევს ტერიტორიაზე მუშაობის საშუალებას,“ - აღნიშნავს BBC და დასძენს, რომ იძულებულია თვითმხილველთა მონაყოლს დაეყრდნოს. 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ოპერაციების დირექტორის მოადგილემ პასკალ ჰუნდტმა, ჯერ კიდევ გასულ კვირას, ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობა შეაფასა და „საგანგაშო“ უწოდა. 

„მათ ყოველდღიური ბრძოლა უწევთ არამხოლოდ საომარი მოქმედებებისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, არამედ შიმშილობისგან გამოწვეულ სიკვდილიანობასთან გასამკლავებლად,“ - განაცხადა ჰუნდტმა და დასძინა, რომ ეს ფაქტი „ომის დანაშაულია“. 

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე თვეა, რაც ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ყველანაირი მიწოდება შეზღუდა, მათ შორის, მედიკამენტების და საკვების.