ისრაელი და მაროკო დიპლომატიურ ურთიერთობებს საელჩოების დონემდე ამაღლებენ
„ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას“, - ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera იუწყება.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას 16 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროში აშშ-ის ელჩმა მაიკ უოლცმა უმასპინძლა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი და მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნასერ ბურიტა ასევე შეთანხმდნენ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის წლის ბოლომდე ორი შეთანხმების გაფორმებაზე ინვესტიციების დაცვისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ.
„მაროკოსა და ისრაელს შორის სრული დიპლომატიური, მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობების დამყარება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებშია და ხელს შეუწყობს მშვიდობის საქმეს“, - ნათქვამია გაეროში აშშ-ის მისიის მიერ სამივე ქვეყნის სახელით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.