Loading data...
ისრაელი არ გაიყვანს ძალებს იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს ლიბანში, სირიასა და ღაზაში

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს ძალებს იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს ლიბანში, სირიასა და ღაზაში, მიუხედავად აშშ-ირანის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ გავრცელებული ცნობებისა.

„ისრაელი არ გავა უსაფრთხოების ზონებიდან ლიბანში, სირიასა და ღაზაში. ჩვენი უსაფრთხოების დოქტრინა მკაფიო და ნათელია: ვმოქმედებთ როგორც ახლო, ისე შორეული საფრთხეების წინააღმდეგ და ვისწრაფვით გადამწყვეტი შედეგებისკენ და არა კომპრომისების ან დათმობებისკენ“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების პროცესში მყოფი შეთანხმება ყველა ფრონტზე ომის დასრულებას მოიცავს, მათ შორის ლიბანშიც. თუმცა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განსხვავებული შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ შეთანხმების პირობებში ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა არ ფიგურირებს.

კაცმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ-სა და ისრაელს საერთო ინტერესი აქვთ, არ დაუშვან ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა. 

„ჩვენ ველოდებით, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ პრინციპს დაიცავს, ასევე, სხვა პრინციპებსაც, რომლებიც ეხება ბალისტიკურ რაკეტებსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტულ დაჯგუფებებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ეს განცხადება მიანიშნებს, რომ თუნდაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება გაფორმდეს, ისრაელი ამ ეტაპზე არ აპირებს ლიბანში სამხედრო პოზიციების დატოვებას, რაც რეგიონში დაძაბულობის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ რჩება.