ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელი მზად არის ირანთან ომის გასაახლებლად და აშშ-სგან მწვანე შუქს ელოდება
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელი მზად არის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები განაახლოს და ვაშინგტონისგან ნებართვას ელოდება.
„ისრაელი მზად არის ირანთან ომის გასაახლებლად. ისრაელის თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი ოპერაციებისთვის, სამიზნეები უკვე იდენტიფიცირებულია. ჩვენ ველოდებით „მწვანე შუქს“ ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რათა, უპირველეს ყოვლისა, წერტილი დავუსვათ ხამენეის დინასტიასა და ირანის ტერორისტული რეჟიმის მომავალ მმართველებს, რომლებიც ისრაელის განადგურების გეგმის ინიციატორები არიან. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ირანის „ბნელ და ქვის ხანაში“ დაბრუნება - უმთავრესი ენერგეტიკული ობიექტების განადგურებისა და ქვეყნის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სრული მოშლის გზით“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.
მისივე თქმით, მომავალში ნებისმიერი იერიში წინაზე გაცილებით მძიმე იქნება.
„დარტყმები ყველაზე სენსიტიურ წერტილებზე ამჯერად სრულიად განსხვავებული, ფატალური და დამანგრეველი იქნება“, - აცხადებს ისრაელ კაცი.