ისრაელ კაცი: „ჰეზბოლა“ ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმებს თუ განაგრძობს, ისრაელი ბეირუთში, დაჰიეს რაიონს დაარტყამს
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გადაწყვეტილებას, ბეირუთში დაჰიეს რაიონზე დარტყმა განახორციელონ, თუ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების „ჰეზბოლას“ თავდასხმები ჩრდილოეთ ისრაელზე გაგრძელდება.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ-ის თხოვნით, თავდაცვის ძალები დღემდე თავს იკავებდნენ ბეირუთში მასშტაბური დარტყმებისგან.
კაცის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს „ჰეზბოლაზე“ საპასუხო დარტყმების გეგმა სატელეფონო საუბრისას გააცნო, „ამერიკელებმა კი ეს პრინციპი მოიწონეს და ლიბანის მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობეს“.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმებს თუ განაგრძობს, ისრაელი ბეირუთში, დაჰიეს რაიონს დაარტყამს.
„აღარ იქნება ისეთი მდგომარეობა, როდესაც ბეირუთი მშვიდად იქნება, ვიდრე ისრაელის დასახლებული ადგილები შეტევის ქვეშაა“, - დასძინა კაცმა.