ისლამაბადში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები გრძელდება
აშშ-ისა და ირანის გუნდებმა ისლამაბადში სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყეს, რომელშიც პაკისტანის ოფიციალური პირები შუამავლის როლს ასრულებენ. ამის შესახებ CNN-ი ირანის ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება, რაც მიუთითებს აშშ-ის მხრიდან „გადაჭარბებულ მოთხოვნებზე“, რამაც შესაძლოა, შეთანხმების მიღწევა გაართულოს.
„აშშ-ის გადაჭარბებული მოთხოვნების გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ეს ირანული გუნდისთვის ბოლო შანსია, მოლაპარაკებების ამ რაუნდში საერთო ჩარჩოს მიაღწიონ“, - წერს სააგენტო Tasnim-ი დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობამ (IRIB) ასევე განაცხადა: „როგორც ჩანს, ეს პაკისტანის უკანასკნელი მცდელობაა, დაინახოს, შეძლებს თუ არა შედეგის მიღწევას მოლაპარაკებების ამ რაუნდიდან“.
ამასთან, პაკისტანურმა წყაროებმა CNN-ს აცნობეს, რომ ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებების საერთო ტონი და შედეგი ძირითადად დადებითი დარჩა, თუმცა ჰორმუზის სრუტის კონტროლთან დაკავშირებით ჩიხი კვლავ არსებობს.
მანამდე ირანის მომლაპარაკებელთა გუნდთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-მა სრუტესთან დაკავშირებით „მიუღებელი მოთხოვნები“ წააყენა. მსგავსი უთანხმოების არსებობაზე იტყობინებოდა ირანის სახელმწიფო მედიაც.